ილია მეორე დიდი ხუთშაბათის მსახურებას ატარებს [ფოტო]
10:35, 25.04.2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან ერთად მივიდა.
პატრიარქი დიდი ხუთშაბათის მსახურებას ატარებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის შემდეგ 13:00 საათზე ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ილია მეორე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხები დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთისმახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.
12 სახარებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 19:00 საათზე წაიკითხავენ.