ილია მეორე - დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა ხორცსა და სისხლს აზიარა თავისი მოწაფეები
ილია მეორე - დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა ხორცსა და სისხლს აზიარა თავისი მოწაფეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესა და უნეტარესმა ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დიდი ხუთშაბათი მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები. ეს არის ის დღე, როცა უფალმა დაბანა ფერხნი მოწაფეებს თვისსა და უჩვენა სიმდაბლე თვისი. მე მახსენდება ჩემი კურთხევა, ამ დღეს მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი, მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ. ღმერთმა ინებოს, რომ კურთხეული იყოს სულისა და ხორცისა ჩვენი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, შაბათს არის ხარებობა და იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეს დღესასწაული აღდგომის წინა დღეს ემთხვევა. 

„შეგახსენებთ, რომ დღეს 19:00 საათზე 12 ვნების სახარების კითხვა იქნება, 14:00 საათზე პარასკევს გამოსვენება იქნება გარდამოხსნისა და შაბათს დილით იქნება წესის აგება. ასევე შაბათს იცით, რომ არის ხარებობა, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ასე დაემთხვა. ხარების დღესასწაულის ღვთისმსახურებას შევასრულებთ სიონის ტაძარში, 10:00 საათზე. შაბათს 23:00 საათზე კი იქნება შეხვედრა დღესასწაულის და სააღდგომო ეპისტოლე”, – აღნიშნა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი, ფეხთბანვა შესრულდა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.