ილია მეორე - დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს მიმართა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.