ილია მეორე - დღეს სოსო ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს, ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც „ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგან, გედიას მსგავსად, თვითონაც სიკეთის, სიყვარულის და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა
საქართველოს საპატრიარქო სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს.
მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც, გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ – ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ – მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.