ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა, დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ იორდანეს მდინარეზე ფეხით დადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს“, – აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ, რომ როდესაც საშიშროება ელოდება ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული, ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება.