ჩვენ უფრო ვთხოულობთ, გვავიწყდება მადლობის თქმა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დიდი ხუთშაბათის წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანმა ღმერთს წყალობისთვის მადლობა უნდა შესწიროს.
„ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. თქვენ მოისმინეთ ყურადღებით და მადლობა შევწიროთ ღმერთს. დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო“, – განაცხადა ილია მეორემ.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ილია მეორე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხები დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთისმახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.