ილია მეორე - ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს
ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვახშამზე განაცხადა, რომელსაც სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მე ალბათ სხვანაირად მესმის ოპოზიცია. ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს – მთავრობის დადგენილება თუ განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. მე მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, მე არ მყავს ოპოზიციაო, მაშ, როგორა ხართ მეთქი და ყველა ვაკეთებთო. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის. იდგეს ხალხის საკეთილდღეოდ. ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ვიდეო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.