სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სხვადასხვა საკითხთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევარი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; აღინიშნა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.
მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც „ქართუდან“ ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.