ილია მეორე - არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ
შეიძლება, თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს.
„თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას.
ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.
კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი;
ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მით უმეტეს – მართლმორწმუნეს.
შეიძლება, თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.
გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.