ილია მეორე - არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას
არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, სწრაფად შემწეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზი იყოს მფარველი ყოველი გაჭირვებული ადამიანისა“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, წირვაზე დღეს იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და აღნიშნა, რომ ის დღეს პირველად ეზიარა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც დაკარგა საყვარელი შვილი და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც. პირველად ეზიარა დღეს. ვფიქრობ, შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.