ილია მეორე - ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი არის გზა სასუფეველში
დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან.
“გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი, მთელი ქალაქი ადიდებდა და აქებდა უფალს. ხვდებოდნენ როგორც მეფეს “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”, მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა, იგი ხედავდა, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა ჯვარს აცვი ეგო. არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ამინ”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.