ილია მეორე - არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს, ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა
არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლი დალოცა და დღესასწაულები მიულოცა.
„დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, რომელმაც დაუთმო თავისი საფლავის ადგილი უფალს და ასევე – იოსებისას. ჩვენ აგრეთვე ვიხსენებთ დღეს თამარ მეფეს, იმდენად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, რომ მენელსაცხებლე დედებს ედრება. დღეს აგრეთვე არის ხსენება დავით წინასწარმეტყველისა. დავით წინასწარმეტყველი გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს. ჯვარი გეწეროთ. მე ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.