ილია მეორე - ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ აღვიქვამდით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანზორ ერქომაიშვლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით.
მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა. ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი.
მისმა უკვდავმა სულმა ამიერიდან ღვთის წინაშე ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეწიოს მას ჩვენი ლოცვა, ლოცვა ახლობლებისა და სრულიად საქართველოსი და დაუმკვიდროს სავანე მართალთა, ამინ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ანზორ ერქომაიშვილს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.