ილია მეორე - ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო
წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე, მშობელი, მოწყალე მამა, ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
პატრიარქმა მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზია მოწყალეა ყველას მიმართ.
„მე მახსენდება მონაყოლი უწმინდესისა დ უნეტარესი ეფრემისა, რომელსაც წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხატია წმინდა ნიკოლოზისა, მივიდა მიტროპილიტი ეფრემი და ეუბნება ხატს, შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწები სთხოვე პატრიარქს, მოწყალება გაიღოს ჩემ მიმართო. სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე. საოცარი მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მინდა, გავიხსენო ჩემი შემთხვევა, აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს, მითხრა, მიჭირსო და დამეხმარეო, მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა, სთხოვე მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე. მე მიხარია, მე ვეუბნები, ხარიტონი მეთქი? მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა, ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელ-მონაზვნად, თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი, მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან, იმის შემდეგ სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. გარდაიცვალა დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.
სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.