ილია მეორე - ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, გადაარჩენს საქართველოს
მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.
„დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა, რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით მორჩილებით, კეთილი საქმეებით. ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. მას არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე. ადამიანს სჭირდება მადლი ღვთისა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.
ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაერთიანდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი და ძალა ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა“,- განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურებაზე სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტები დალოცა.