ილია მეორე - ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში ცვლილებებია, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი
დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.
ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
„ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.
ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.