ილია მეორე - ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან დაიწყონ გამოსწორება
ილია მეორე - ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან დაიწყონ გამოსწორება

ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

სამების ტაძარში პეტრე-პავლობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქულები არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმიდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია, სვეტიცხოველი 12 მოციქულთა სახელზე აშენდა. მსოფლიო საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია აშენდა 12 მოციქულის. ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დავალებით პეტრე და პავლე მოვიდნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი სოფლისა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობის მომნიჭებელნი. ძალიან მძიმე იყო მათი მოღვაწეობა, იმდენად მძიმე, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, პავლე მოციქული ასევე არის დიდი მქადაგებელი და დიდი მოღვაწე.

„მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად იყოს. ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია, ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება“, – აღნიშნა პატრიარქმა.