ილია მეორე - 42 წელი, რომელიც დამაკისრა მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი, თქვენი თანადგომა და სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი
42 წელი, რომელიც დამაკისრა მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა.
„დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული – შენდობის დღე. ლოცვაში სწერია, არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდეს. ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე. განსაკუთრებით მძიმეა სასულიერო პირის ჯვარი. პასუხისმგებელია ადამიანი არა მარტო თავის თავზე, არამედ მრევლზე. ეს 42 წელი, რომელიც დამაკისრა მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს.
მაუწყებდე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე. შევთხოვ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, მადლი, თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, განცდაი თვისსათა ძმათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. მამაო ზეციერი ძეო ღვთისაო, სულო წმინდაო, ყოვლადწმინდა სამებაო შემინდე მე და სრულიად საქართველოს ცოდვები ჩვენი ნებსით და უნებლიეთ. მღვდელმთავრებს ვთხოვ შენდობას ჩემთა ცოდვასთა. სამღვდელოებას ვთხოვ შენდობას და აგრეთვე ვთხოვ უფალს, რომ აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნა ილია მეორემ.
შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, სამების ტაძრის გარშემო შედგა ლიტანიობა. ილია მეორის კურთხევით, ასხურეს ნაკურთხი წყალი და სამღვდელოებამ ტაძარში შეკრებილები დალოცა.