ილია მეორე - პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას
პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.
„თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლადსამღვდელოება, სულიერო შვილებო. პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარს. იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი.
ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენ სიყვარული რომ არყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება და მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.