ილია მეორე - 2018 წელი იყო მძიმე, ღმერთმა ინებოს ბედნიერი, სიხარულით აღვსილი 2019 წელი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მეფის, დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) ხსენების დღეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წირვის შემდეგ დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება მაცხოვრის ნათესავებისა, დავით მეფისა, მეფსალმუნისა. დღეს მე მინდა, ვისაუბრო დავით მეფის შესახებ, რომელიც ყველაზე ახლობელია ჩვენთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ მის ფსალმუნებს. განსაკუთრებულია მისი ცხოვრება. ჯერ ყრმა იყო, ახალგაზრდა იყო, როცა, ღვთის განგებით, წინასწარმეტყველმა სამოელმა დაასხა მირონი და აკურთხა მეფედ. დავით წინასწარმეტყველი გახდა მეფე 30 წლისა. 30 წლისა შეუდგა ამ მძიმე გზას და იყო 40 წელი, 40 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ გამთლიანებულიყო ისრაელი, ებრაელთა ერი. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რიცხვი 40 საიდუმლოებით მოსილი რიცხვია. 40 დღე იყო მაცხოვარი უდაბნოში, 40 წელი ატარა მოსემ ისრაელი უდაბნოში. ადამიანმა რომ იკითხოს, რას ნიშნავს ეს 40, რა საიდუმლოებით მოცულია რიცხვი 40, დამაჯერებელ პასუხს ვერ გაგცემთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, ღვთის განგებაში ბევრი რამ არის ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი.
„მე ბევრი მინახავს საქართველოში, რომ დღედაღამ იკითხება ფსალმუნები მეფისა დავითისა და ეს გვაძლევს ჩვენ დიდ შვებას“, – განაცხადა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა გასულ, 2018 წელზე, რომელიც მისი თქმით, მძიმე იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელი ბედნიერი იქნება.
„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას, რომ ეს 2018 წელი, წარსული წელი იყო მძიმე წელი, ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის. ამ სიმძიმის შემდეგ, ღმერთმა ინებოს ბედნიერი, სიხარულით აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე წელი იყო, ჩვენ დღეს მაინც მადლობას ვწირავთ უფალს. მადლობას შევწირავთ უფალს სიხარულისა და მწუხარებისათვის. ღმერთმა ინებოს, მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ილია მეორემ.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.