ილია II-ის სერბეთის დელეგაციასთან დღევანდელ შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან სტუმრობის საკითხი დაისმება
საპატრიარქოში დღეს სერბეთის დელეგაციასთან შეხვედრაა ჩანიშნული.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, მაია გოიკოვიჩს შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სერბეთის პატრიარქ ირინეოსსა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს შორის შემდგარ შეხვედრასაც შეეხება, რომლის შესახებაც წერილობითი განმარტება სერბეთის საპატრიარქოსგან ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია.
საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი „მოამბესთან“ ადასტურებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ, თუმცა დეკანოზს კონტექსტსა და ფორმაზე წინასწარ არ უსაუბრია.
„ჩვენს წერილზე ოფიციალური სერბეთიდან პასუხი არ მოსულა. ვიცით მხოლოდ ის, რაც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ბატონ იოსებ ნანობაშვილს აცნობეს. მას აცნობეს, რომ არ იყო ოფიციალური შეხვედრა. ის, როგორც რიგითი მომლოცველი, ისე მოხვდა პატრიარქთან და ამის დასტურია, რომ პატრიარქი არ არის ოფიციალურად ჩაცმული სურათზე, რომელიც მათ გამოაქვეყნეს და რაც მთავარია, სერბეთის საპატრიარქოს საიტზე ეს ამბავი არ დევს. როგორც ვიცი, 25 იანვარს შეხვედრა ჩანიშნულია საპატრიარქოში. ამ საკითხზე ვისაუბრებთ, მაგრამ როგორ და რა კონტექსტში გაგრძელდება, ამაზე ჯობს შემდეგ ვისაუბროთ“, – აღნიშნავს მამა კახაბერ გოგოტიშვილი.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერსა და სერბეთის პატრიარქს შორის შეხვედრა 12 იანვარს, სერბეთის საპატრიარქოში შედგა.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე „საერთო ქრისტიანული საკითხები“ განიხილეს. საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, იოსებ ნანობაშვილს პატრიარქმა ირინეოსმა პირადად დაუდასტურა, რომ შეხვედრა არაოფიციალურად შედგა.
რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოდან სერბეთში გაგზავნილ წერილს, მასზე პასუხი თბილისში ჯერ არ მიუღიათ.