ილია ღუდუშაური - თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება
სპეკულაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს საუბარი, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა, მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებიან.
„ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ.
მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. არ დაიკარგება ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში. თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციი, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, ფასები 60−80%-მდე შემცირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა, შესაბამისად, დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია.