ილია ღუდუშაური - დაფინანსების DRG სისტემის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს
დაფინანსების DRG მოდელის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
მისივე განმარტებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად შემცირდა, რითაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა.
„DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული. რეფორმის დაწყებისთანავე, პროცესში აქტიურად არიან ჩართული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, რომლებიც რეფორმის მიმდინარეობას სწავლობენ. 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რომ DRG სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
„ვფიქრობთ, წლის ბოლოს, სრულად მოვიცვათ მსოფლიოში აპრობირებულ სერვისებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის დაცულობის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო სერვისების დაფინანსების ნაწილში, მოსახლეობის დანახარჯები მაქსიმალურად შემცირდეს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.