ილია ელოშვილი - თბილისის მერიამ ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა და ხარვეზი არ აღინიშნებოდა
თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიის დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა და ხარვეზი არ აღინიშნებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამშენებლო ნებართვა 2017 წლის 3 ოქტომბერს გაიცა.
„მოსახლეობის პროტესტის ფონზე ჩვენ ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ეს პროექტი. სამშენებლო ნებართვა 2017 წლის 3 ოქტომბერს არის გაცემული. დოკუმენტალურად ჩვენ შევისწავლეთ და ხარვეზი არ აღინიშნებოდა. არ იყო ისეთი ფაქტი, რომ ვთქვათ რაიმე ხელმოსაჭიდი ყოფილიყო, რომ გაგვეჩერებინა მშენებლობა. თუმცა მოხდა დღეს ის, რაც მოხდა. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად შევისწავლით. ინვესტორები გზაში აერიან უკვე, შევხვდებით, დეტალურად გავიაზრებთ. პირველ რიგში, რამ გამოიწვია ეს, იყო თუ არა ბუნებრივი მოვლენა, თუ არასწორი მშენებლობის ბრალი. ასევე, ძალიან დეტალურად გავიაზრებთ, როგორ გავაგრძელოთ ეს პროექტი ისე, რომ არანაირი საფრთხე იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას არ შეექმნას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საკითხის შესწავლა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.
ამასთან, სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯის“ დირექტორმა, ბეჟან წაქაძემ პირველ არხს განუცხადა, მიმდინარეობს კონსტრუქტორებთან და გეოლოგებთან მუშაობა, რათა დადგინდეს ჩამონგრევის მიზეზები და შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდეს. სწორედ „ჯიდიჯი“ აშენებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე სასტუმროს.
კლდის ჩამონგრევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.