ილია ელოშვილი - "სითი ინსტიტუტთან" მიმართებაში მერიის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტებით გამყარებული
კომპანია “სითი ინსტიტუტთან” მიმართებაში დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტებით გამყარებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც დედაქალაქის გენერალურ გეგმას განიხილავენ.
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოცხადდება.
”ჩვენი პოზიციები არაერთხელ დავაფიქსირეთ სხვადასხვა მიმართულებით. კომუნიკაცია “ სითი ინსტიტუტთან” მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. მათი დღევანდელი პრეზენტაცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ჩვენ იმიტომ ვატარებთ საჯარო შეხვედრებს გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ საბოლოოდ, მაქსიმალურად დარწმუნებულები ვიყოთ. გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული. ჩვენ ვსვამთ კითხვებს რამდენიმე მიმართულებით, რამდენად გამოყენებადია ის დღეს იმ ფორმით, რაც არის, თუნდაც იურიდიულად”, – განაცხადა ელოშვილმა.
მერიას გენგეგმის მიმართ შენიშვნები აქვს. ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება. მისივე თქმით, გენერალური გეგმის ავტორების მიერ არ არის შემოთავაზებული, როგორ უნდა განხორციელდეს დოკუმენტში გაწერილი ძირითადი კონცეფციები.