ილია ელოშვილი - გაზის მიმწოდებელი მცირე კომპანიების ნაწილი მოსახლეობის დაფინანსებითაა შექმნილი
„ყაზტრანსგაზისა“ და მცირე კომპანიებისთვის გაზის ფასი ზუსტად ერთნაირია, მაგრამ საბოლოო ჯამში, პატარა კომპანიების მომხმარებლები უფრო მაღალ ტარიფს იღებენ, რადგან მცირე კომპანიების მომსახურება უფრო ძვირია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„საბედნიეროდ, ასეთი კომპანიების მოცვის არეალი დიდი არ არის. საბოლოო ჯამში, ოთხივე კომპანია 25 000 აბონენტს აწვდის გაზს. რა თქმა უნდა, ამ აბონენტებისთვის გაზის საფასურის დისბალანსი ჩვენთვის დისკომფორტს იწვევს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გაზის საფასური ყველა კომპანიისთვის ერთნაირია. ამავე დროს, სახელმწიფოს მხრიდან მცირე ლიცენზიანტების მდგომარეობა გასათვალისწინებელია, რადგან მათ გაზის მიწოდება უფრო ძვირი უჯდებათ,“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისი თქმით, მომხმარებლის ტარიფი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება – მიწოდებული გაზის საფასური, გატარების და დისტრიბუციის საფასური.
„მცირე ლიცენზიატების მიერ გატარებისა და დისტრიბუციის ტარიფს რომ გადავხედოთ, ის უფრო მაღალია, ვიდრე „ყაზტრანსგაზის“. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ისინი მაღალ წნევებზე მიერთებული არ არიან, გაზს „ყაზტრანსგაზიდან“ იღებენ. ანუ, მთლიანად „ყაზტრანსგაზზე“ არიან დამოკიდებული. ბუნებრივია, მათ ამ მომსახურებაში „ყაზტრანსგაზისთვის“ ფულის გადახდა უწევთ და შესაბამისად, მათი დისტრიბუციის მარჟა უფრო მაღალია“, – განაცხადა ელოშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში „ყაზტრანსგაზი“ ამ მცირე კომპანიებს გაზს საკმაოდ შეღავათიან ფასში აწვდიდა.
„მას შემდეგ, რაც „ყაზტრანსგაზს“ სემეკ–ის მიერ გაზის გარკვეული ფასი დაუწესდა, მან ამ კომპანიებს ზუსტად იგივე ფასში დაუწყო მისი გაზის მიწოდება. ეს „ყაზტრანსგაზის“ მხრიდან აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯია. გამოვიდა ისე, რომ გაზის ფასში ეს კომპანიები „ყაზტრანსგაზს“ გაუთანაბრდნენ, მაგრამ მათი მიწოდებისა და მომსახურების ფასი უფრო ძვირია. ეს 3-4 თეთრიანი სხვაობა სწორედ ამან გამოიწვია“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, გაზის მიმწოდებელი მცირე კომპანიების ნაწილი მოსახლეობის დაფინანსებითაა შექმნილი.
„რაც შეეხება იმას, რამდენად სწორია „ყაზტრანსგაზის“ არეალში ასეთი კომპანიების არსებობა, რომელთა მომსახურება უფრო ძვირია, ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს. მე მერჩივნა, ყოფილიყო ერთიანი კომპანია, რომელიც მოსახლეობას გაზს შედარებით უფრო იაფად მიაწოდებდა, მაგრამ ეს კერძო კომპანიები არიან, მათ დადებითი როლიც აქვთ და კერძო მესაკუთრის უფლებებს პატივი უნდა ვცეთ.
ძალიან დიდ ნაწილში, ეს კომპანიები მოსახლეობის დაფინანსებითაა შექმნილი. მათ იჩქარეს, რათა თავიანთ რაიონებში გაზი დროულად მიეღოთ, „ყაზტრანსგაზის“ განვითარებას არ დაელოდნენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა ელოშვილმა.
ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა.
„ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება.