ილია ელოშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერიის ინიციატივით შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთების უკრაინაში ტრანსპორტირება შემდეგი კვირიდან დაიწყება
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ინფორმაციით, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ბელიაშვილის 5 ნომერში.
მისივე თქმით, კონკრეტული ფართი პირველადი საჭიროების ნივთების შესაგროვებლად თბილისის მერიის ინიციატივით გამოიყო.
აღნიშნული პროცესი 4 მარტს დაიწყო და მომავალი კვირიდან უკრაინაში პროდუქტებისა და სხვა ნივთების ტრანსპორტირება განხორციელდება.
„რამდენიმე დღეა, ჩვენ დავიწყეთ შეგროვება ჰუმანიტარული ტვირთების. აქ შედის როგორც არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ჰიგიენის პროდუქტები, გარკვეული მედიკამენტები. ძალიან აქტიურობს მოსახლეობა. ბიზნესმაც უკვე დაიწყო შემოტანა ჩვენთან და ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში ძალიან გააქტიურდება მთელი ეს პროცესი. შემდეგი კვირიდან დაიწყება უკვე ტრანსპორტირება ამ ტვირთების ეტაპობრივად უკრაინისკენ“,- განაცხადა ელოშვილმა.