ილია ელოშვილი აცხადებს, რომ თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი გრძელდება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები თბილისის მერიის მიერ ბელიაშვილის N5-ში მოწყობილ ლოგისტიკურ ცენტრში გროვდება. აქციაში ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები არიან ჩართულნი. ჰუმანიტარული ტვირთის ჩატვირთვის პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე – ილია ელოშვილი დაესწრო.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ბელიაშვილის N5-ში შექმნა ლოგისტიკური ცენტრი, საიდანაც პერიოდულად იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინაში. საერთო ჯამში, საქართველოდან, მათ შორის თბილისიდან გავაგზავნეთ 400 ტონაზე მეტი ტვირთი. დღეს კიდევ იტვირთება სამი სატვირთო მანქანა, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დღეისათვის აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიის მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი. ესენია: კომპანია „ლილო ჯგუფი“, „ბასა ჯგუფი“, „ჯიბე“, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ბადაგი“, „ლილო შოპ ჯი“. დაახლოებით ერთ კვირაში ეს ტვირთი ჩატანილი იქნება უკრაინაში“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.