ილია დარჩიაშვილმა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართა
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ვლადიმირ ნოროვთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მიესალმნენ საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ქმნის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მაღალ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზეც. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა „კოვიდ-19“-ის პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის განვითარებას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზგასმით აღინიშნა რომ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა და პოტენციალი. მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2022-2024 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.