ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

„სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში სამშვიდობო პროცესების პოზიტიურად წარმართვის და რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ქ.ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი, რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებით აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

მინისტრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში და სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრის მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.