საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლისა და თავად სპეციალური წარმომადგენლის მიერ შეტანილი წვლილისთვის, აქვე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში.
უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
„შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ერთიან ეროვნულ, ინკლუზიურ პროცესს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ განაგრძობს აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.