ილია დარჩიაშვილმა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ილია დარჩიაშვილმა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას და ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისადმი გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ილია დარჩიაშვილმა სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ.

„მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.