ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმ მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელსაც შვედეთი იჩენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და ემხრობა ევროკავშირის გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკას. ასევე, შვედეთის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია დემოკრატიული მშენებლობის კუთხით.

მინისტრმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად და აღინიშნა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შვედეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტის წევრებს გაუზიარა საქართველოს ხელისუფლების ხედვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და მიესალმნენ ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების ინტენსიურ დინამიკას, რაც გამოიხატა როგორც შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტით, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარმატებული ვიზიტით შვედეთის სამეფოში გასულ წელს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოების გლობალური გარემო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ვაჭრობა, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.