ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას. აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვ. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების როლს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა, რამაც ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი და მომავალშიც აქტიურად წარიმართება პრიორიტეტული სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისათვის.
თავის მხრივ, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში მიღწეულ მზარდ დინამიკას. ასევე, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. მან განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასა და საქართველოს მედიაციასთან დაკავშირებით, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა, შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე.