ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა უწყების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის შევსების პროცედურულ საკითხებზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყების, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს კითხვარის შესავსებად ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ვადა, ერთი თვე ჰქონდა, რაც დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი დასახულ ამოცანას და უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინა აუცილებელი რესურსის მაქსიმალური მობილიზება.
„ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და კოორდინირებული პროცესი, რომელსაც სათავეში საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ედგა და პროცესში ჩართული იყო უკლებლივ ყველა სამინისტრო და სამთავრობო უწყება“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა დასძინა, ყოველკვირეულ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იმართებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომები, რომლის ფარგლებშიც პრემიერს წარედგინებოდა ანგარიში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში სისტემატურად იმართებოდა უწყებათაშორისი შეხვედრები, როგორც მინისტრის მოადგილეების, ისე უწყებების შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონეზე.
მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა უწყების თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა დოკუმენტზე, რათა დოკუმენტი ყოფილიყო გამართული, ხარისხობრივად მაღალ დონეზე მომზადებული და ყველა კითხვაზე ყოფილიყო ამომწურავი პასუხი გაცემული. მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუზოგავი შრომისათვის ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კითხვარის შევსებაში ჩართულ ყველა უწყებას, და განსაკურებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მთლიანი სამუშაო პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფდა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით, განსაკუთრებული როლი აკისრია ქართულ დიპლომატიას, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, თბილისში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და ევროკავშირის დელეგაციასთან; საქართველოს საელჩოები ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან და კვლევით ცენტრებთან საქართველოს მხარდამჭერი პოზიციის ფორმირების მიზნით.
დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს დაგეგმილ სხდომაზე ელოდება. „ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. გვაქვს იმედი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.