საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა კოლეგას აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით. პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას მიულოცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასევე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით იყენებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.