ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას. მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
ბრიტანელი კოლეგის ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„მიხარია, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის. მქონდა შესაძლებლობა, კოლეგასთან ერთად განმეხილა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, – წერს დარჩიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხვედრა 17 მარტს გაიმართება.