ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის წევრ მიხაელ გალერთან შეხვედრა გამართა
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს, რომელიც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა.
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გამოწვევებზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.