საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიქაელ ოსტრუპ იენსენს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნილს ფლემინგ ჰანსენს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ კავშირებზე.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხსა და ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომლებიც ქართულმა მხარემ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გაატარა. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დანიის სამეფოს პოზიციას, საპარლამენტო დონეზე მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობას და უშუალოდ დეპუტატების ჩართულობასა და როლს ამ პროცესში.
ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლის ბოლოს საქართველო ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას.
„დადებითად შეფასდა 2022 წელს დანიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი, ასევე 2023 წელს განხორციელებული საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ვიზიტები.
აღინიშნა დანიის პარლამენტის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მიეძღვნა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
დასასრულ, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილი 2023 წლის 16 ნოემბერიდან დანიის სამეფოში ვიზიტით იმყოფება.