ილია დარჩიაშვილი - ყველაზე მთავარია, რომ თითოეული ჩვენგანმა, ვინც ვმონაწილეობთ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, მთავარი აქცენტები გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას
საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად მიემგზავრება ბრიუსელში, მას ექნება შესაბამისი დღის წესრიგი და აქ ყველაზე მთავარია, რომ თითოეული ჩვენგანმა, ვინც მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მთავარი აქცენტები გავაკეთოთ, როგორც აქამდე იყო, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია.
„არსებობს რაღაც აქტივობები, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიამ. ჩვენ ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წელი, მიღებულ იქნა 80-ზე მეტი ახალი კანონი, რომელიც იყო გამოძახილი სწორედ იმ 12 რეკომენდაციის. ჩვენ დაგვრჩა ძალიან ცოტა, რომ დავასრულოთ რეკომენდაციების შესრულება და დავიწყოთ პროცესი, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, რაც ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე იქნება ახალი ნაბიჯი, ახალი ფაზა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს საბოლოო, სრულფასოვან წევრობამდე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.