ილია დარჩიაშვილი - ყველაფერი, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, იყო ტყუილი, დეპუტატ ხაჯიშვილს კი მოვუწოდებ, მოლდოვის საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობას, ჯერ საქართველოს კანონმდებლობას გაეცნოს
ილია დარჩიაშვილი - ყველაფერი, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, იყო ტყუილი, დეპუტატ ხაჯიშვილს კი მოვუწოდებ, მოლდოვის საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობას, ჯერ საქართველოს კანონმდებლობას გაეცნოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ბევრი ტყუილი მოისმინა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი საკითხთან დაკავშირებით პასუხების მიღება არ იყო.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი ინტერპელაციაზე და „მინისტრის საათის“ ფორმატში. ალბათ დღეს პირველად ხდება, რომ არცერთი ოპონენტი არ ზის დარბაზში. ალბათ ესეც სიმპტომატურია და ნიშანია, რამდენად აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების ბედი, მათი ყოფა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ტყუილი, უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, მაინც მიმაჩნია, რომ დღევანდელი საუბარი, განხილვა სასარგებლო იქნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დროებით ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მათ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ის მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები, რომლებიც საჭიროა, რათა თითოეულმა მათგანმა გამოხატოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

სიმართლე გითხრათ, თავიდან სერიოზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და შემდეგ მივხვდი, რომ ოპონენტებს არანაირი მიზანი არ ჰქონდათ, კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ. შესაბამისად, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. ბევრი ტყუილი, უსამართლო შეფასება მოვისმინე და რამდენიმეზე შევჩერდები. გიორგი ვაშაძემ რაზეც ისაუბრა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო ტყუილი და არაფერს ეფუძნებოდა. საუბრობდა ზედაპირულად და არანაირი ფაქტი არ ჰქონია. საუბრობდა, თითქოს ვინმეს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, ვგულისხმობ საკონსულო აღრიცხვას. ეს არის ტყუილი. მან ნამდვილად ორი წერილი მოგვწერა, ექვს ადამიანზე იყო საუბარი. სამი საკონსულო აღრიცხვაზე უკვე რეგისტრირებული იყო. ორჯერ მოგვწერა ერთი და იმავე ადამიანების შესახებ, რათა ეფექტი ჰქონოდა, თითქოს ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ცდილობს და ვერ ახერხებს რეგისტრაციას. ქალბატონი თინაც შეუერთდა მას, როდესაც აქვე, ჩემ მიერ შესავალ სიტყვაში ნათქვამ რამდენიმე ფრაზას საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა. ქალბატონო თინა, არ მითქვამს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მისამართს ჩვენი მოქალაქეებისგან, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთხოვთ მათ საბუთს, სად ცხოვრობენ ისინი, რაც არის უზარმაზარი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

ასევე, ზოგადად ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა ბატონი ხაჯიშვილი. მოვინიშნე, მოლდოვაზე საუბრობდა და მინდა, მოვუწოდო, რომ მოლდოვის საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობას, ჯერ საქართველოს კანონმდებლობას გაეცნოს. მან და მისმა კოლეგებმა, უფრო სწორად, თანამოაზრეებმა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელიც ხსნის ან არ ხსნის საკონსულო-საარჩევნო ოლქებს ან უბნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება ცესკო-ს არჩევნების ადმინისტრირებაში. სწორედ ამიტომ გავაკეთე მთავარი აქცენტი იმაზე, რომ გვჭირდება ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების შესახებ. სწორედ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ემსახურება სტატისტიკურ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეების შესახებ, თუ სად ცხოვრობენ, რომელ რეგიონში, რომელსაც შემდეგ ვუგზავნით ცესკო-ს. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად გახსნას დამატებითი უბანი და სად არ გახსნას.

რაც შეეხება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას თუ დახურვას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დაახლოებით, 15-მდე ახალი საელჩო თუ გენერალური საკონსულო გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ სადაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, დადგენილი წესებით, კონვენციების შესაბამისად, ჩვენი მთავარი კანონის, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ვახდენთ უბნების გახსნას და მომავალშიც ამას გავაგრძელებთ. ჩვენს პირობებში, ძალიან ბევრ ქალაქში გაიხსნა გენერალური საკონსულოები თუ საელჩოები. სრულიად უსაფუძვლო ნარატივი, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ქალაქში გავხსნათ დიპლომატიური სტატუსის მქონე წარმომადგენლობა. ამას არცერთი ქვეყანა არ აკეთებს და არანაირი მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების შესახებ, სად ცხოვრობენ, სად არის კონცენტრაცია, რომელიც დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, უკვე ცესკო-ს აძლევს საშუალებას, შესაბამისი უბნის გახსნის თუ საარჩევნო ოლქის რეგისტრაციის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.