ილია დარჩიაშვილი - ყველაფერი მზად იყო, რათა პრეზიდენტი საგარეო უწყებაში მობრძანებულიყო და დიპლომატებისთვის მიემართა, სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა ღონისძიებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ელჩების კონფერენციის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, ელჩებისთვის მნიშვნელოვანია გზავნილები, რომლებიც აქვთ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს.
„უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, როდესაც ყოველი წლის ბოლოს ელჩები ბრუნდებიან სამშობლოში და შესაბამის უწყებებთან ერთად, სამინისტროში განვიხილავთ გასულ წელს მიღებულ შედეგებსა და ვგეგმავთ მომავალი წლის გეგმებს. ყოველთვის ხდებოდა, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები მიმართავდნენ ელჩებს, რადგან ელჩებისთვის მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც აქვთ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, რატომ არ ესწრებოდა კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი მზად იყო, რათა სალომე ზურაბიშვილი სამინისტროში მისულიყო და ელჩებისთვის მიემართა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი კონფერენციას არ დაესწრო.
„დღეს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მობრძანებულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროში და როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს ჩვენს ელჩებს, მასაც მიემართა დიპლომატებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ვფიქრობ, ამ ფორმატში პრეზიდენტის მობრძანება და მონაწილეობა ყველასთვის ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, დღეს საინტერესო არ იქნება საუბარი ტექნიკურ დეტალებზე, რადგან არანაირ შედეგს არ მოიტანს და მაყურებლებისთვის გაუგებარი იქნება.
მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ველოდებოდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან დიდი სურვილი მქონდა მე, როგორც უწყების ხელმძღვანელს, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღო. დარწმუნებული ვარ, ეს ტექნიკური საკითხები მალე აღმოიფხვრება და მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეკრებაზე მობრძანდება და საქართველოს დიპლომატებს მიმართავს. ძალიან შედეგიანი იყო ჩვენი ელჩების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მათ უმაღლესი თანამდებობის პირებისგან პირდაპირი გზავნილები მიიღეს. ეს ტრადიცია გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის ფორმატში შემოგვიერთდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება, ელჩების კონფერენცია 2022 გაიმართა. კონფერენცია გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. შემდეგ ელჩებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. კონფერენციას არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული, დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა დაუშვებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამგვარ დარღვევას ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე, რაც ღონისძიების მასპინძლის მხრიდან პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში გამოიხატა.