ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება
ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია გაბრიელთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საგარეო უწყების ცნობით, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.

საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

დღესვე ილია დარჩიაშვილი ეწვევა სოფიის ტექნოლოგიების ინსტიტუტს.