ილია დარჩიაშვილი - ვინმე თუ ცდილობს, ევროკავშირთან ინტეგრაციას ჩრდილი მიაყენოს ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებით, ნახოს, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის რა გეგმები აქვს თავად ევროკავშირს
ვინმე თუ ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ევროკავშირთან ინტეგრაციას იმით, რომ პარალელურად, ჩინეთთან ვაძლიერებთ ურთიერთობებს, მოგიწოდებთ, ნახოთ, ჩინეთთან ურთიერთობის როგორი გეგმები აქვს თავად ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს გარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა და ოპოზიციას მიმართა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ ხედავენ პრობლემებს საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დაახლოებაში.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. გავაფორმებთ თუ არა რომელიმე ახალ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, როდესაც ამისი დრო დადგება და მზად ვიქნებით, ამის შესახებ ვისაუბრებთ და თქვენც შესაბამისად გაიგებთ. თუ საჭირო და ვალდებული ვიქნებით, რომ პარლამენტს ამის შესახებ ვაცნობოთ, ამასაც გავაკეთებთ, როგორც მანამდე ვაკეთებდით. შესაბამისად, მგონია, რომ დეკლარაციაში ცალსახად არის გაწერილი ჩინეთთან ურთიერთობები, რა გვინდა ჩვენ, როგორ გვინდა, დავაახლოოთ ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა, პარალელურად, საქართველო მყარად დგას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იმპლემენტაციის მიმართულებითთ.
საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეფექტურად დავაკავშიროთ აღმოსავლეთი და დასავლეთი. ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება, ამ ქვეყანამ შეასრულოს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხედავთ პრობლემებს ჩინეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დაახლოებაში. ცალსახად ვთქვით, რომ ეს, ერთი მხრივ, ემსახურება ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს, მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება და გვაქვს უკვე შედეგები, შეგიძლიათ, ნახოთ ციფრები. მეორე, საუბრობდით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ბოდიში, მაგრამ ვერ მივიღებთ შენიშვნებს. ჩვენი უწყება, ჩვენს ჭრილში ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ანგარიშებზე რომ არ ვისაუბრო და სხვადასხვა რეზოლუციაზე, შეგიძლიათ, ნახოთ გაერო-ს წლევანდელი რეზოლუცია, დაითვალოთ ხმების რაოდენობა, რამდენი ქვეყნის მობილიზება მოხდა. ჩვენ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს. ვერანაირად ვერ მივიღებთ შენიშვნებს, რომ ჩვენ რაიმე დავაკელით.
ჩინეთთან ურთიერთობას და დეკლარაციას რაც შეეხება, ცალსახად წერია, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმუშავეთ დოკუმენტზე, რომელიც არის გაცხადებული და, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ნამდვილად ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. თუკი ვინმე ცდილობს, რაღაც ჩრდილი მიაყენოს ჩვენს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტს, ევროკავშირთან ინტეგრაციას იმით, რომ პარალელურად, ჩინეთთან ვაძლიერებთ ურთიერთობებს, მოგიწოდებთ, ნახოთ, მოუსმინოთ ევროკავშირს, რას ბრძანებს ბორელი, როგორი გეგმები აქვს თავად ევროკავშირს ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ. მგონია, რომ აქედან რაიმე ტიპის პოლიტიკური ქულების მიღებას ვერანაირად ვერ შეძლებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.