ილია დარჩიაშვილი - ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან
ილია დარჩიაშვილი - ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან

დღეს ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან, ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე მიღებულ კომუნიკეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დინამიკური, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ნატო-სთან და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე მთავარი გზავნილი, რომელიც შეგვიძლია, მოვისმინოთ ნატო-სგან, არის, რომ ნატო-ს კარი ღიაა პარტნიორებისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატო-ს ფარგლებში, რომელსაც, საქართველოსთან ერთად, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა ესწრებოდა. გვახსოვს ბუქარესტში გამართული წინა მინისტერიალი, სადაც იყო ძალიან საინტერესო დისკუსია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან. როგორც იცის ჩვენმა მოსახლეობამ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. შესაბამისად, დღეს ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან. ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ეს შეფასებულია შესაბამისად ჩვენი პარტნიორებისგან. ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველოს, ისევე როგორც მანამდე, ტრადიციულად აქვს ძალიან დინამიკური, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ნატო-სთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მექანიზმები, რათა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყოს პროცესი, რომელსაც მოაქვს თავისი ღირებული შედეგები მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. გავაგრძელებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას. საქართველოსთვის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანაში. რეფორმების განხორციელების გზაზე პარალელურად ვაძლიერებთ ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რათა ეს რეფორმები გაგრძელდეს და ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გვქონდეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები. ჩვენ გვქონდა შარშან ძალიან ღირებული და შედეგზე ორიენტირებული მადრიდის სამიტი. წელს უკვე ვილნიუსში გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების. ვილნიუსის სამიტი ცალსახად იქნება ძლიერი იმპულსი ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ნატო-ს სამიტის ფარგლებში მთავარი აქცენტი იყო უკრაინაზე, ქვეყანაზე, რომელიც არის ომში და აქვს უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევა.

„მთავარი გზავნილი პარტნიორებმა მისცეს უკრაინას, რადგან დღეს უკრაინის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტნიორების. ალიანსმა დაადასტურა, რომ უკრაინას ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს პარტნიორებისგან და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. თავად ჩანაწერი კომუნიკესიც ცალსახად ანახებს იმას, რომ პარტნიორები განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავენ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია: „ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს“.