ილია დარჩიაშვილი - ვაფასებთ ხორვატიის მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება
დღევანდელ შეხვედრაზე ხორვატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან, გორდან გრილიჩ რადმანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
„ძალზე ვაფასებთ ხორვატიის ამ მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ გაწეული მუშაობა და პროგრესი მთელი რიგი პრიორიტეტების კუთხით, რომლის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის მოსაზრების ბოლო ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დონეს ძალზედ დადებითად აფასებს, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია გაწევრიანების პროცესში და განსაზღვრავს საბოლოო შედეგს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აქტიურად აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა შესრულდეს ასოცირების შეთანხმებით აღებული ყველა პრიორიტეტი და ვალდებულება. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან ერთად, მინისტრს ვესაუბრეთ საქართველოს საშუალოვადიან მიზანზე, რაც გულისხმობს ევროკავშირში ეტაპობრივ ინტეგრაციას, მის ერთიან ბაზარზე მაქსიმალურ წვდომას. ხსენებული საქართველოსა და მის მოსახლეობას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კონკრეტულ სარგებელს მისცემს და, ფაქტობრივად, შესაძლებელი იქნება იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც ევროკავშირის წევრობას მოაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.