ილია დარჩიაშვილი - უვიზო მიმოსვლა დაფუძნებულია კონკრეტულ კრიტერიუმებზე, რომლებსაც პირნათლად ვასრულებთ, მოვუწოდებ ყველას, თავი დაანებონ მანიპულაციას და ქვეყანას ნუ აზიანებენ
კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირებენ, აზიანებენ ჩვენს ქვეყანას, რაც მავნებლური ქმედებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილმა მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური მანიპულაციებისგან.
„ვიზალიბერალიზაციაზე არავინ საუბრობს, გარდა ევროპარლამენტის კონკრეტული რეზოლუციისა. კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებენ, აზიანებენ ჩვენს ქვეყანას და ეს არის მავნებლური ქმედება.
დღეს არავინ საუბრობს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას და ნუ აზიანებენ ქვეყანას, რომელმაც ძალიან დიდი შრომით, ძალისხმევით, რეფორმებით მიაღწია იმ დიდ მონაპოვარს. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი მავნებლური, პოლიტიკური მანიპულაციებისგან. უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არავინ საუბრობს. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და აზიანებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის უდიდეს მონაპოვარს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, უვიზო მიმოსვლა დაფუძნებულია კონკრეტულ კრიტერიუმებზე, რომლებსაც საქართველო პირნათლად ასრულებს.
„გვაქვს ყოველწლიური ანგარიშები, ანგარიშს ვამზადებთ კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით, როგორ შევასრულეთ ვალდებულებები. ამ მხრივ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს და არავინ აპირებს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. არაერთი საფუძველს მოკლებული და უსამართლო რეზოლუციები გვინახავს, ესეც მორიგი შემთხვევაა. უვიზო მიმოსვლაზე მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს ერთი კონკრეტული რეზოლუცია და საუბრობს ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც არანაირად არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე – „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.