ილია დარჩიაშვილი - უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს
უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს ყველასთვის სასიხარულო მოვლენა უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ უნგრეთი საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთთან გვაქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, რაც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. გვახსოვს, ორი წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა მხარდაჭერა მაშინ, როცა საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი მიზეზის, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის აქტივობებს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასიხარულო მოვლენა უნდა იყოს, რადგან უნგრეთი, რომელიც თავმჯდომარე ქვეყანაა, აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო – ჩამოვსულიყავი თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.