ილია დარჩიაშვილი - უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი, მომავალშიც გვექნება უნგრეთის მხარდაჭერა, რაც ორბანის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ბევრი მიმართულებით.
ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, უნგრეთი კვლავაც იქნება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.
„დასრულდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ბევრი მიმართულებით. უნგრეთი ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც ამაზე მეტყველებდა. მას თან ახლდა ეკონომიკის მინისტრი, საგარეო და ფინანსთა მინისტრები. შესაბამისად, განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკური, შედეგიანი იყოს. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ურთიერთობებს.
რაც შეეხება მეორე განზომილებას, უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ამას, ამ კონტექსტში უნგრეთთან თანამშრომლობას ჩვენთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხებოდა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. შესაბამისად, მომავალშიც ყოველთვის გვექნება უნგრეთის მხარდაჭერა, რადგან არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავრობის და ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი, ძლიერი ძალისხმევა იქნება გაწეული, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ.
ვიქტორ ორბანის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირის შიგნით უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით. ჩვენ ინსტიტუციურ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით, გამოცდილების გაზიარებაზე. ვფიქრობ, როგორც წარსულში, მომავალშიც ძალიან შედეგიანი თანამშრომლობა გვექნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 28 ოქტომბერს ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე იყვნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ასევე გაკეთდა ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.