ილია დარჩიაშვილი - უნგრეთი უზიარებს გამოცდილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ის ჩვენი ევროპული მომავლის გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია
უნგრეთი უზიარებს ცოდნას, გამოცდილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ის ჩვენი ევროპული მომავლის გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველო ინდივიდუალურად მუშაობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან.
„საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან დინამიკური ურთიერთობებია. ეს გამოიხატება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით. უნგრეთი უზიარებს ცოდნას, გამოცდილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ქვეყანამაც ერთ დროს მსგავსი ინტეგრაციული პროცესები გაიარა. თელავში პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრაზე და სამთავრობო დონეზე გამართულ მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო აქტივობებს, რომლებიც ორ მეგობარ უწყებას შორისაა დაგეგმილი. ვფიქრობ, მემორანდუმები ახალ სამართლებრივ იმპულსს მოიტანს ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიმართულებით.
ასევე, ვიცით, რომ უნგრეთი არის ნაწილი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგოდივერსიფიცირება მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დასრულდება. ამ მიმართულებით ჩვენი რეგიონი იძენს ახალ, ძალიან ღირებულ როლს ევროკავშირისთვის. მეორე მხრივ, ჩვენ ევროპული დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ევროპულმა საბჭომ გაფართოების მიმართულებით დეკემბერში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, ინდივიდუალურად მუშაობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან. უნგრეთი გამორჩეული და ჩვენი ევროპული მომავლის ხმამაღალი მხარდამჭერია. დარწმუნებული ვართ, ერთ-ერთი ხმა იქნება უნგრეთის, რადგან, საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება ევროკავშირის თითოეული წევრის, 27 წევრი ქვეყნის ხმაა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.